მაქვს პატივი, ვიყო „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიაში, ხონში, ვანსა და წყალტუბოში. ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ მძიმე მდგომარეობამ, რომელიც შექმნილია, როგორც მთელს ქვეყანაში, ასევე იმერეთის ამ ულამაზეს მხარეში, სადაც დავიბადე და ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე. წლების განმავლობაში ხელისუფლებების გაუაზრებელმა და არასწორმა პოლიტიკამ ამ რაიონების მოქალაქეებს ხვალინდელი დღის იმედი დააკარგვინა. ახალგაზრდებს წაართვა მომავლის რწმენა, ხოლო ხანდაზმულ ადამიანებს მშვიდი სიბერის გარანტია. დღეს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თავის გადასარჩენად იბრძვის და შვილებისათვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად. დამერწმუნეთ, ის მძიმე და უიმედო მდგომარეობა, რომელშიც უმრავლესი თქვენგანი იმყოფება, არ არის ნორმა და ყველას ერთად შეგვიძლია სასიკეთო ცვლილებების მიღწევა. ამისათვის საჭიროა ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, რომელთა ერთადერთი საზრუნავი საკუთარი კეთილდღეობა კი არა, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაა.
დროა, დავიწყოთ ცვლილებები! დროა, ხელისუფლება ჩადგეს ხალხის სამსახურში!