მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც შეგტკივათ გული ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე, ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.
მე ვარ ახალგაზრდა პოლიტიკოსი და პირველად ვმონაწილეობ არჩევნებში. მჯერა, რომ ჩვენი პრობლემების გადაჭრის გასაღები სწორედ პოლიტიკაში სიახლის შემოტანით არის შესაძლებელი. ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი პოლიტიკოსები, ახალი ხედვებით, ახალი ენერგიით და ახალი შემართებით. ზუსტად ამიტომ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობის სახელით, მზად ვარ, ჩავდგე ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის სამსახურში. „ლელოსთან“ ერთად მზად ვარ, ჩავება ამ რთულ ბრძოლაში და თქვენი დახმარებით შევეჭიდო სიღარიბეს და უსამართლობას, რომელმაც ასე მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს ქვეყანაში.
საზღვარგარეთ გატარებულმა წლებმა დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ მარტივად შეგვიძლია გავხდეთ ბედნიერი ადამიანების ქვეყანა. ამისათვის სახელმწიფომ სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა შექმნას – ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა, თანამედროვე და ევროპული განათლება, ღირსეული სამუშაო ადგილები და სამართლიანი სასამართლო.