პასუხისმგებლობის გრძნობა ალბათ არის პატრიოტიზმის ერთ-ერთი უდიდესი გამოვლინება ქვეყნის, ხალხის, ოჯახის და შვილების წინაშე. როგორც ვაკის ოლქის მაჟორიტარი, პასუხისმგებლობას ამ ოლქის ერთ-ერთი რიგითი ამომრჩევლის, ჩემი ერთადერთი შვილის და მისი თაობის წინაშე ვიღებ, მათ ვინც პირველად მიიღებს 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობას. ვპირდები, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, როგორზეც მათი წინაპრები ოცნებობდნენ- თავისუფალ, სამართლიან, ტოლერანტულ ქვეყანაში, სადაც არ იქნება შიში და უიმედობა. ვპირდები, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ მას და მის თაობას ყოველთვის შეეძლოთ უშიშრად, ხმამაღლა თქვან თავის სათქმელი, აკეთონ თავისი წილი საკეთებელი საქმე და სჯეროდეთ, რომ მათ უკან სამართლიანი ქვეყანა და ლაღი ხალხი დგას. ვპირდები, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა მისი ბებიების და ბაბუების თაობას მშვიდი სიბერე ჰქონდეთ- მომავალ თაობაზე გულდამშვიდებული ცხოვრება, მისი მშობლების თაობის შრომა კი დაფასებული იყოს. ყოველთვის გავიმეორებ, რომ სამართლიან ბრძოლას მუდამ აქვს აზრი, ადამიანის მთავარი თვისება ღირსებაა, მთავარი საფიქრალი კი სამშობლო.