სიახლეები

კახა კოჟორიძე
7 / 100

კახა კოჟორიძე

იურისტი. დაამთავრა სკოლა ხაშურში. არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და GIPA-ს კურსდამთავრებული. სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონში, LSE-ს უნივერსიტეტში. იყო ადვოკატი, საიას თავმჯდომარე, პრეზიდენტის მრჩეველი.

მიმართვა

„წარმოიდგინეთ, გჭირდებათ ხელოსანი თქვენი სახლის გასარემონტებლად. ხომ გაიკითხავთ, და შეარჩევთ ისეთ ადამიანს, ვინც ეს საქმე სხვაზე კარგად იცის? გთხოვთ, დეპუტატის შერჩევის დროს ასევე კარგად დაფიქრდეთ. გააკეთეთ არჩევანი იმის მიხედვით, თუ რომელ კანდიდატს აქვს უკეთესი განათლება, პროფესიული გამოცდილება ან რეფორმებისათვის ბრძოლის ისტორია. გპირდებით, რომ პარლამენტში ჩემი მიკროფონი არ გაჩუმდება და თქვენი სახელით მრავალ მნიშვნელოვან ინიციატივას გავაჟღერებ! მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც უშუალოდ შეეხება თქვენს ცხოვრებას და თქვენი შვილების მომავალს. ეს ბოლო არჩევანია, როცა თქვენ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევთ. ამის შემდეგ საქართველოში არჩევნები მხოლოდ პარტიული სიით იქნება. მე ზუსტად ვიცი, რომ ხაშურს, ქარელს, გორის სოფლებსა და სრულიად საქართველოს  ცვლილებები და ახალი ენერგია წყურია. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ამ ცვლილებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. იქნება თუ არა ეს ბრძოლა წარმატებული, ამას გადაწყვეტ შენ! გააკეთე სწორი არჩევანი!“

პოლიტიკური საქმიანობა

პირველი ინიციატივა, რასაც ჩემი ამომრჩევლის სახელით პარლამეტში შევიტან, იქნება კანონპროექტი ნეპოტიზმის წინააღმდეგ. განათლებული და ნიჭიერი ადამიანის ნაცვლად ნათესავის დასაქმება საბიუჯეტო სამსახურში გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ეს რეფორმა მთელ სახელმწიფო მანქანას აამუშავებს და გადააქცევს ეფექტიან, საქმის მკეთებელ სისტემად.

ლელოს აქვს კონკრეტული გეგმა, რომ საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდეს და შეიქმნას 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ქვეყნის ყველა რეგიონში დიდი პროექტების განხორციელება. სასწრაფოდ განახლდება და დასრულდება ანაკლიის მშენებლობა, რითაც ქვეყანა ისტორიულ ფუნქციას – ევროპისა და აზიის ხიდის ფუნქციას დაიბრუნებს. ჩვენი გეგმით შიდა ქართლი, მათ შორის ქარელი და ხაშური, გახდება აგრო და ბიო წარმოების ცენტრი, რაც გლეხს მისცემს საშუალებას, რომ გახდეს შეძლებული ფერმერი. მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ასევე ვმუშაობ სასამართლოს, პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის სრულ რეფორმირებაზე. ეს ქვეყანას მისცემს შანსს, რომ შემოვიდეს ინვესტიციები, განვითარდეს ბიზნესი და სიღარიბე დავძლიოთ წარმატებით!