ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მოგმართოთ, როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. მე ვარ ბათუმელი და ბათუმელის სტატუსი საკუთარ თავში ბევრ მნიშვნელობას ატარებს, როგორც განსხვავებული ღირებულებების და კარგი მოქალაქის, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ ქალაქზე.
სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქი კარგავს საკუთარ სახეს, უსახურდება მისი სილუეტი, ბეტონდება, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა, ნაკლები დრო და რესურსი ეთმობა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.
გარდაუვლად აუცილებელია, რომ ბათუმი ვაქციოთ საზღვაო ინდუსტრიის ცენტრად, მასწავლებლები, მეზღვაურები, მშენებლები და საკუთარი საქმის სპეციალისტები იყვნენ დაფასებულები.
ჩემი მთავარი მიზანია, შევქმნა წარმატებული შემთხვევა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის მაგალითზე, როცა დეპუტატი იქნება ხალხის გვერდით, არჩევის შემდეგ თავიდან დაივლის ქუჩებს, კიდევ ერთხელ მოისმენს ყველა პრობლემას და საკუთარ ამომრჩეველს გაკეთებული საქმეებით დაუბრუნდება. ჩემი მიზანია, ადამიანებს დავუბრუნო რწმენა და იმედი, რომ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ ხალხზე და საკუთარ ქალაქზე. მთელ საქართველოში მე ვარ ყველაზე ახალგაზრდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ეს მაძლევს დამატებით განცდას, რომ ეს ქვეყანა ჩვენი, ახალგაზრდების შესაცვლელია!