საზოგადოებრივი აქტიურობა მრავალი წლის წინ წამოვიწყე, პირველად, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა, ლექტორმა და აქტივისტმა. წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდი ორპარტიულობის დასრულებას, ქართული პოლიტიკის შინაარსობრივ განახლებას და ადამიანის განვითარებაზე მომართულ პოლიტიკას.
ამ მნიშვნელოვან პროცესებში ჩემი მცირე წვლილის შეტანის მიზნით, გასულ წელს კენჭი ვიყარე მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე, როგორც
დამოუკიდებელმა კანდიდატმა. ეს იყო იდეალისტური ბრძოლა
ორპარტიულობისა და უსახური პოლიტიკის წინააღმდეგ, მწირი რესურსითა და შიშველი ხელებით. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ეს მომენტი შედგა. ჩემი პრინციპული ბრძოლის დასაწყისი „ლელოში“ გაგრძელდა. მთაწმინდის კამპანიისას შემოვიტანე პოლიტიკურ დღის წესრიგში ბავშვთა შიმშილის აღმოფხვრის საკითხი, ქალთა და კაცთა შორის არსებული ანაზღაურების უთანასწორობის საკითხი, დაბინძურებული ჰაერის პრობლემატიკა და მრავალი სხვა თემა,
რომელსაც სამწუხაროდ, არავითარი ყურადღება არ ექცეოდა. დღეს ეს საკითხები „ლელოს“ პლატფორმის მნიშვნელოვანი ხაზებს წარმოადგენს.
დღეს მე ვაგრძელებ ბრძოლას განახლებისთვის, მომავლისთვის, სწორი
პრინციპების დამკვიდრებისთვის ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა მომავლისთვის!