მყავს ოჯახი, მეგობრები და თანამებრძოლები – ეს არის ჩემი სიმდიდრე. ვარ ახალგაზრდა პროფესიონალი – ეს არის ჩემი იარაღი. მაქვს სამშობლო – ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა.
ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდამ მომიყვანა პოლიტიკაში. დღევანდელ საქართველოში ოპოზიციური პლატფორმიდან პოლიტიკაში ჩართვა ბრძოლაში შესვლას ნიშნავს. მე ვიღებ ამ გამოწვევას, ვინაიდან უბრძოლველად გვეცლება ხელიდან შესაძლებლობები, დრო, სახელმწიფო. ჩემი ბრძოლა იწყება იქიდან, საიდანაც იწყება ჩემთვის საქართველო და ეს არის გურია. მე ამაყი ვარ, რომ ვარ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩვენს მხარეში. ბოლო ორი სახელისუფლო ციკლის პერიოდში გურია განსაკუთრებით დაიჩაგრა. რეგიონში მძაფრად იგრძნობა დაშვებული შეცდომებისა და გაშვებული შესაძლებლობების შედეგები. ჩვენს ხედვებსა და გეგმებს მივიტანთ გურიის თითოეულ ოჯახამდე და დარწმუნებული ვარ, გურულები „ლელოს“ სახით დაინახავენ ახალ ძალას, ჩემი, როგორც მათი მომავალი მაჟორიტარი დეპუტატის სახით – ახალ იმედს. „ლელო“ არის რეალური და ერთადერთი ალტერნატივა ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც შეუძლია, სასიკეთოდ შეცვალოს ქვეყნის რეალობა და დაამკვიდროს ახალი პოლიტიკური სტანდარტი.