სიახლეები

ანა ნაცვლიშვილი
10 / 100

ანა ნაცვლიშვილი

იურისტი, უფლებადამცველი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით; სამი საერთაშორისო ფონდის კონკურსის გამარჯვებული და სტიპენდიატი; თსუ-ს, ცენტრალური ევროპისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; 2017 წელს, ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა „წლის უფლებადამცველის“ წოდება. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მიმართვა

ჩემო ქუთათურებო!

ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში ვყოფილვარ და მიცხოვრია, ყველაზე ლამაზ, ყველაზე დალაგებულ და წარმატებულ ქალაქებში და არსად ისე ბედნიერად არ მიგრძვნია თავი, როგორც ჩემს ქუთაისში!

ამ საერთაშორისო გამოცდილებით, ზუსტად ვხედავ, როგორი უზარმაზარი და გამორჩეული პოტენციალი აქვს ჩვენს ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ დღეს ეს პოტენციალი გამოუყენებელია. ამის მიზეზი დიდწილად ისაა, რომ საქართველოს პარლამენტში, მთავრობაში ქუთაისის ხმა არ ისმის, ქალაქის საწუხარი და საჭიროებები არავის ადარდებს უბრალო მოქალაქეების გარდა!

ამ ქალაქს არაერთი ადამიანი ახსოვს თანამდებებაზე, კარგი ადამიანები, მაგრამ ცუდი მოხელეები, ცუდი პოლიტიკოსები, მდუმარე პარლამენტარები. ეს ხდება იმიტომ, რომ როგორც ძველი ანდაზა ამბობს: პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

ჩვენს ქალაქს სჭირდება მებრძოლი ადამიანი, ვინც ქუთაისის და ქუთათურების ძლიერი და პრინციპული ხმა გახდება საქართველოს პარლამენტში და იბრძოლებს არა საკუთარი, არამედ ქალაქის ინტერესების დასაცავად. მე სწორედ ეს ადამიანი მინდა ვიყო ქუთაისისთვის და დღეს თქვენს წინაშე ვდებ ამის პირობას!

უბრალოდ კი არ მჯერა, ზუსტად ვიცი, როგორ ვაქციოთ ქუთაისი შესაძლებლობების ქალაქად, ქალაქად, რომელსაც კი არ ტოვებენ, არამედ რომელთანაც ბრუნდებიან ადამიანები, ოჯახები და ბრუნდება სიხარული – სიღარიბეზე, უიმედობაზე, ურთიერთსიძულვილსა და გათითოკაცებაზე გამარჯვების სიხარული, სიცოცხლის და გაერთიანების სიხარული!

პოლიტიკური საქმიანობა

ვიცი, რომ პოლიტიკით დაიღალეთ, ვიცი, რომ ბევრჯერ მოგაყენეს შეურაცხყოფა და გაგიცრუეს იმედები. მეც! მაგრამ ისიც ვიცი, რომ პოლიტიკიდან განზე გადგომა არაა გამოსავალი – ხელს ვერ ჩავიქნევთ, ვერ დავნებდებით, ვერ დავთმობთ სიცოცხლეს და ქვეყანას, რომელიც ჩვენია. მე როგორც დედამ, ისიც კარგად ვიცი, რამდენი ზრუნვა სჭირდება ჩანასახის ასაკიდან ბავშვს, სანამ პიროვნებად ჩამოყალიბდება და თავად შეძლებს სხვაზე ზრუნვას. ასეა სახელმწიფოც.

დღეს საქართველოს სჭირდება სწორედ ისეთი თავდადებით და ამავე დროს სიფაქიზით მოვლა, როგორც დედა უვლის და ზრუნავს საკუთარ შვილებზე. მერე ისიც შეძლებს, ჩვენზე იზრუნოს.

ჩემი ამოცანაა, შევქმნა მაგალითი იმისა, რომ გამარჯვებული პოლიტიკოსი პარლამენტის კაბინეტში არ იკეტება, ის რჩება ხალხში და აგრძელებს ბრძოლას ხალხისთვის,  ქმნის პოლიტიკას  არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ადამიანებისთვის!

როგორც მცენარე ვერ გაიხარებს, თუ მოსწყდება თავის ფესვებს, ასე უმომავლოა პოლიტიკაც, თუ ის მოწყვეტილია ხალხს.

მხოლოდ ადამიანურ პოლიტიკას შეუძლია, შექმნას ჯანსაღი და შემდგარი სახელმწიფო, რომელიც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.

ერთად,  ახალი ძალით, ახალი იმედით, ამას შევძლებთ!